უპირველესყოვლისა აღსანიშნავია, რომ აქ ხსენებული მიზეზები იქნება განხილული მრავალი კუთხით, როგორც ეზოთერული და მაგიური, ასევე ფსიქოლოგიური, კულტურული თუ საყოფაცხოვრებო სფეროების გათვალისწინებით. აღსანიშნავია, რომ მოცემული სტატია გამოადგებათ არა მხოლოდ განსხვავებული სქესის წყვილებს (ჰეტეროსექსუალებს, ქალებსა და მამაკაცებს) , არამედ მსგავსი სქესის წყვილებას (ჰომოსექსუალური ან სხვა პურთიერთობის მქონე ადამიანებს), მთავარია დავაკვირდეთ ფემინინური და მასკულინური ენერგიისა და ფსიქიკური კომპონენტების მოქმედებასა და გამოვლინებას.
პირველი რითიც დავიწყებ საუბარს გახლავთ პოლარობები და გენდერი – ჩვენს სამყაროში ყველაფერს გააჩნია პოლარობა, მაშასადამე სამყარო და თავად ადამიანებიც არიან დუალური, თითოეულ ჩვენგანში არის (+) და (-), დადებითი და უარყოფითი, ნათელი და ბნელი, ორივე ატარებს ერთსა და იმავე საწყისს და წარმოადგენს ერთი და იმავე ფენომენის ან არსის განსხვავებულ გამოვლინებას (რაც ამ შემთხვევაში ხდება ხილული მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს ორი ერთმანეთს გამოეყოფა და ერთ-ერთის გამოვლინებისა და მოქმედების ინტენსივობა იზრდება, როდესაც ერთი-ერთი ნიშან-თვისება ჭარბობს ). ყველაფერს აქვს გენდერი, არა მხოლოდ ფიზიკურ დონეზე, არამედ აქ უპირველეს ყოვლისა იგულისხმება სულიერი და ენერგეტიკული გენდერი, საწყისი ან აწმყოში მოქმედი ძალები, შესაბამისად როგორც სამყაროში ასევე თითოეულ ჩვენგანში არსებობს საპირისპირო სქესის ნიშნებიც (ფემინინური და მასკულინური, ინი და იანი, ანიმა და ანიმუსი, ეროსი და ლოგოსი).
ყოველივე ზემოთხსენებული განვმარტე რათა მომდევნო მიზეზები იყოს მეტად გასაგები თითოეულისთვის.
1. ქალთა და მამაკაცთა ფსიქოლოგია –
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ჩვენს პირად ცხოვრებაში და ზოგადად ურთიერთობაში გახლავთ ადამიანის ფსიქიკა და სქესისათვის სახასიათო აზროვნების მექანიზმი. უფრო მარტივად რომ ავხსნათ, მამაკაცებს ხშირად არ ესმით ქალთა ფსიქოლოგიის, ხოლო მანდილოსნების მამაკაცების. მართალია ორივე ჩვენგანი ატარებს გარკვეულ საერთო მახასიათებლებს და იმ ფუნდამენტურ მონაცემებს რაც უნივერსალურია ყველასათვის, მაგრამ ყოველთვის არსებობს, თუ არა დიდი, მცირე განსხვავებები მაინც.
მამაკაცების დიდი ნაწილისთვის ზრუნვის ძირითადი მეთოდი შეიძლება იყოს მატერიალური, გონებრივი, ლოგიკური, უფრო მეტად მიმართული მოქმედებასა და აქტივობაზე. ქალბატონების შემთხვევაში მზრუნველობა ვლინდება უფრო სულიერი, ემოციური, ზოგჯერ საკმაოდ სენტიმენტალური ან საერთოდაც შეფარული ფორმით. ამ დროს ჩვენი დიდი ნაწილი ამას ვერ ხვდება და ვერ აღიარებს იმას, რომ ორივე სქესს შორის არის გარკვეული სხვაობები, ამის მიზეზი გახლავთ გაცნობიერებულობისა და განათლების ნაკლებობა… ჩვენს ფსიქიკაზე უამრავი რამ ახდენს ზეგავლენას და იწვევს ფსიქიკური პროცესების ცვლილებას, ადამპტაციას, გაუმჯობესებას ან გაუარესებას (მუდმივად), მაგრამ რაც უფრო მნიშვნელოვანია ეს არის ის „მემკვიდრეობა“, თანდაყოლილი ფსიქიკური ორგანოები რომელიც ყველა ჩვენგანში არის (უმეტესობა ყალიბდება დაბადებამდე). კარლ იუნგი ამ „ფსიქიკურ ორგანოებს“ უწოდებს არქეტიპებს, ძალიან მარტივი ენით რომ აგიხსნათ ეს არის გარკვეული ფსიქიკური სტრუქტურები, რომლებიც ყალიბდებოდა მრავალი საუკუნის მანძილზე და გადმოგვეცემა მემკვიდრეობით. არქეტიპები არიან კოლექტიურ არაცნობიერში და წარმოადგენენ უნივერსალური თვისებებისა და შინაარსების ნაკრებს, რაც გაზიარებულია ყველა ადამიანს შორის. თანამედროვე სამყარო რადიკალურად განსხვავდება ძველისგან, ადამიანთა ინტერესები და უფლებებიც შეიცვალა, თუმცა არსებობს ის საბაზისო თვისებები რაც უხსოვარი დროიდან მოგვყვება – ოდითგანვე მამაკაცი იყო დაკავებული ნადირობით, ბრძოლით, მიწათმოქმედებითა და დაცვით, ასე და ამგვარად ის ზრუნავდა საზოგადოებასა და მის საკუთარ ოჯახზე. რა დროსაც ქალთა ძირითადი პასუხისმგებლობა იყო საზოგადოების, ოჯახისა და კონკრეტულად წყვილის ემოციურ და სულიერ სფეროებზე ზრუნვა, კულტურისა და განათლების შენარჩუნება, შინაგანი ფასეულობებისა და გრძნობების ჩამოყალიბება… რა საკვირველია წყვილში ორივე წევრმა უნდა იშრომოს და ასევე ორივემ უნდა იზრუნოს ემოციურ და სულიერ სფეროებზე, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს რომ რაღაც-რაღაცები შესაძლოა ერთმანეთზე უკეთ ან მარტივად გამოგვდიოდეს… ამიტომ მეტად ფემინინური ენერგიისა და თვისებების მატარებელი ადამიანები ზრუნავენ შინაგანად (სულიერად/ემოციურად) ხოლო მასკულინური გარეგანად (მატერიალურად/ მოქმედებით)… არსებობს უამრავი სხვა ფაქტორიც ამიტომ ჩემი პირველი რჩევა თითოეულ თქვენგანს – გაეცანით ქალთა და მამაკაცთა ფსიქოლოგიას! ეს დაგეხმარებათ როგორც საკუთარი თავის, ასევე პარტნიორის უკეთ გაგებაში.
აუცილებელია, რომ თითოეული ჩვენგანი იყოს კარგად გაცნობიერებული საკუთარ შინაგან სამყაროში, როლში, როლურ ფუნქციებსა და პასუხისმგებლობებში. არ დაგავიწყდეთ, რომ აღზრდა,კულტურა, რელიგია და განათლება ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადამიანის ცხოვრებაში.
2. ენერგეტიკული დარღვევები და შეუთავსებლობა – ხშირად ურთიერთობებში პრობლემას აჩენს ენერგეტიკული დარღვევები, რაც შესაძლოა უკავშირდებოდეს როგორც ენერგეტიკულ ცენტრებს (ჩაკრებს), ასევე კონკრეტული მუხტისა და ენერგიების კონტროლს, ფორმირებასა და გამოხატულებას (გამოყოფას).
იშვიათ შემთხვევებში, რა თქმა უნდა, შეიძლება ადგილი ჰქონდეს სერიოზულ ენერგეტიკულ დაბინძურებებსაც (როგორიცაა ე.წ. ენერგეტიკული ბლოკები, დესტრუქციული პროგრამები, ჯადო და სხვა… თუმცა ეს არცისე ხშირია) მაგრამ ეს უკვე პრაქტიკული მაგიის საკითხია და სხვაგვარ კვლევასა და მუშაობას საჭიროებს (პროფესიონალურ დონეზე).
არსებობს აგრეთვე თვისობრივი განსხვავებები ადამიანთა ენერგეტიკულ მონაცემებში, სავარაუდოდ გაგიკვირდებათ და იდენტური მახასიათებლების მქონე ადამიანებს უჭირთ ერთმანეთის გაგება არანაკლებ მათზე, ვინც რადიკალურად განსხვავდება… საჭიროა გარკვეული ბალანსი, პარტნიორები უნდა ავსებდნენ ერთმანეთს. ამ დროს კვლავ უნდა ვიცოდეთ ჩვენი როლების და შესაბამისი პასუხისმგებლობების შესახებ, თუ მამაკაცი შეითავსებს ქალის პასუხისმგებლობებს ის გახდება ფემინინური და მანდილოსანი თანდათან დაკარგავს მისდამი ინტერესს, მანამ სანამ ეს საბოლოოდ არ მივა განზიდულობამდე. თუ ქალი ზედმეტად შეითავსებს მამაკაცურ თვისებებსა და პასუხისმგებლობებს (როლს, ხასიათს და ა.შ.) ის გახდება მასკულინური და ამ შემთხვევაშიც ანალოგიურად, საპირისპირო სქესი დაკარგავს ინტერესს…
ჩვენ გვჭირდება ერთმანეთი იმისათის, რომ შევავსოთ გარკვეული ენერგიის დანაკლისი… მამაკს იზიდავს ქალი, რადგან მას ფემინინური ენერგია აკლია.
ქალს იზიდავს მამაკაცი, რადგან მას მასკულინური ენერგია აკლია.
ჰომოსექსუალური ურთიერთობებიც ზუსტად ამ მიზეზით არსებობს, გეი მამაკაცებში ხშირია ფემინინური ენერგიის სიჭარბე, ამიტომ მასკულინურის შესავსებსად ჩნდება მამაკაცთან ურთიერთობის აუცილებლობა, ანალოგიურად ქალბატონების შემთხვევაშიც და ა.შ.
იზრუნეთ საკუთარი ენერგეტიკული ცენტრების გამართულობაზე, ენერგეტიკული ველის სისუფთავეზე, ფსიქიკურ და ფიზიკურ წესრიგზე, ეცადეთ აკონტროლოთ ფემინინური და მასკულინური ქცევის, აზროვნებისა თუ ენერგიის მიმოცვლის ბალანსი.
ბონუსის სახით აღვნიშნავ, რომ ასაკობრივ სხვაობასაც აქვს დიდი მნიშვნელობა – თაობები განსხვავდებიან ერთმანეთისგან, იცვლება ტენდენციები ამიტომ დიდმა სხვაობამ შესაძლოა ასევე პრობლემა შეგიქმნათ შეთავსებაში, უბრალოდ იმიტომ რომ თქვენი მოთხოვნილებები და მსოფლმხედველობა ვერ დაემთხვევა.
ასევე აღვნიშნავ, რომ ერთ-ერთი ნიშანი იმისა რომ თქვენში საპირისპირო ენერგია ჭარბობს შეიძლება იყოს : გოგოების შემთხვევაში – ბიჭები თქვენთან მეგობრობენ და შეიძლება ბევრი ან ცოტა და ახლო „ძმაკაცი“ გყავდეთ, მაგრამ რომანტიული და ინტიმური ურთიერთობების ნაკლებობაა…
ბიჭების შემთხვევაში კი პირიქით, ბევრი გოგო მეგობრობს მათთან, საკმაოდ ახლო და გახსნილი ურთიერთობა შეიძლება იქონიოთ მაგრამ კვლავ, რაიმე „ახლო ურთიერთობამდე“ ვერა და ვერ მიდის.
3. დომინირება და კომპრომისი –
როდესაც ერთი ადამიანი დომინირებს მეორეზე, ჩრდილავს მას ენერგეტიკულად, ინტელექტუალურად ან ენერგეტიკულად ჩნდება პრობლემები…
როდესაც ერთი ვითარდება ხოლო მეორე ვერ ეწევა, ეტაპობრივად ხდება ამ ადამიანთა დაშორება ერთმანეთისგან. თუ ატყობთ, რომ რამეში უსწრებთ პარტნიორს, თუ არის მასში რამე რაც არ მოგწონთ (თუ ეს რა თქმა უნდა ობიექტური და ადექვატური მიზეზია) ეცადეთ იზრუნოთ მის განვითარებასა და ზრდაზე!
ფემინინური და მასკულინური ენერგიები ქმნიან ერთობას და აყალიბებენ ერთმანეთს. ჩვენს ცხოვრებაში ყველაზე დიდი მოტივატორები და „აღმზრდელები“ ჯერ ჩვენი მშობლები, ხოლო შემდგომ პარტნიორები გახლავთ.
მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ თუ ერთი ზედმეტად აქტიურია, მეორე კარგავს ფუნქციას და ხდება პასიური. თუ ორივე დომინირებს, ეს მიდის შეტაკებამდე (წარმოიდგინეთ რა მოხდება თუ ერთ საჭესთან ორ მძროლს ან ერთ სამეფოს ტახტზე ორ მეფეს დავსვამტ). თუ ორივე პასიურობს, ამაზე ხომ საერთოდ აღარ არის საუბარი… გადაინაწილეთ ფუნქციები და შეავსეთ ერთმანეთი. კრიზისები ყველგან და ყველას გვაქვს, ეს ბუნებრივია ,როდესაც ერთი კარგავს მოტივაციას მეორე მას აძლიერებს და არ აძლევს დანებების საშუალებას და შემდგომ პირიქით.
ხანდახან საჭიროა კომპრომისზე წასვლა, მაგრამ შეინარჩუნეთ ზომიერება! და გახსოვდეთ თუ რაღაცას თმობთ, დიდი ალბათობით მომავალში მოგიწევთ ამის განმეორება, ამიტომ იმაზე მეტი არ დათმოთ ვიდრე საჭიროა, არ გასცეთ იმდენი რაც დაგენანებათ. აღსანიშნავია, რომ მნიშვნელოვანია ჩვენი ქცევა და დამოკიდებულება როგორც ერთმანეთის, ასევე საკუთარი თავების მიმართ… თუ თქვენ არ თვლით თავს პოზიტიურად, მიმზიდველად, წარმატებულად და ა.შ. არც თქვენი პარტნიორი ჩათვლის ასე.
ნუ ეტყვით პარტნიორებს როგორი უშნო ხართ, როგორ არ მოგწონთ რაღაც საკუთარ თავში, წუწუნი,დემაგოგია, თვითგვემა ან ჭარბი კრიტიკა უბრალოდ კლავს განწყობას. ირწმუნეთ, რომ თქვენ ხართ ის ერთადერთი და იდეალური! მაგრამ თუ თქვენ მართლა გაწუხებთ რამე და ვერ გრძნობთ თავს კომფორტულად საკუთარ ტყავში ან თუ რამე არ მოსწონს პარტნიორს (კვლავ ვიმეორებ ობიექტური და ადექვატური ფორმით) იზრუნეთ ამის გამოსწორებაზე.
4. ნდობა და თავისუფლება – აუცილებელია ერთმანეთის ნდობა და ერთმანეთის გაყოლა, ყველგან და ყველაფერში! თუ რამე არ გსიამოვნებთ ან არ მოგწონთ ისაუბრეთ, რამე გაკლიათ ან რამე გსურთ? გააკეთეთ ეს ერთად! მთავარია არასდროს დაიშლოთ და იყოთ ერთი გუნდი… როგორც კი გაჩნდება უნდობლობა, დაიმალება „პატარა შავი ხვრელები“ ან დავხუჭავთ თვალს მათზე, ჩათვალეთ გააქტიურდება დეტონატორი, რომელმაც ნებისმიერ მომენტში შეიძლება „იბუთქოს“. თუ ბზარი მომენტალურად და მყისიერად არ იქნება შევსებული, ის თანდათან გაიზრდება მანამ სანამ არ ჩამოანგრევს მთელ ნაგებობას. თუ ჭრილობისაგან არ დავიღუპეთ და დავიცალეთ სისხლისგან, ის აუცილებლად შეხორცდება მაგრამ დარჩება იარა, ამიტომ იზრუნეთ ამ ყველაფერზე.
თავისუფლება არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, ეცადეთ გახვიდეთ ხოლმე კომფორტის ზონიდან, მიიღოთ მონაწილეობა ერთმანეთის ინტერესებში, გატაცებებსა და საქმიანობაში მაგრამ გახსოვდეთ! ყოველთვის დატოვეთ პატარა ზონა ხელშეუხებელი, დაუტოვეთ პარტნიორს სასუნთქი ჰაერი და საკუთარი პირადი სივრცე… განა იმიტომ, რომ ის ამ სივრცეში რამეს „მიქარავს“, უბრალოდ ჩვენ ყოველთვის გვჭირდება პირადი კუთხე და ოდნავ მეტი თავისუფლება, თორემ სივრცე მოგვიჭერს და აღარ მოგვცემს სუნთქვის საშუალებას ან გადაივსება. ეცადეთ დააკმაყოფილოთ ერთმანეთი, ემოციურად, სულიერად და ფიზიკურად, მაგრამ გახსოვდეთ რომ ეს უნდა იყოს ორმხრივი! ორივემ უნდა შეასრულოს თავისი წილი მოვალეობებისა და იზრუნოს ურთიერთობის სიმტკიცეზე, ეგოცენტრულ ადამიანებთან ურთიერთობა არავის მოსწონს, ზოგჯერ ჩვენ ამას ვერც კი ვამჩნევთ საკუთარ თავში… ამიტომ დააკვირდით თავს და შეცვალეთ რაღაცები, ხოლო თუ თქვენი პარტნიორი ვერ ხედავს რამეს – დაანახეთ! მიუხედავად ამ ყველაფრისა, აბსოლუტური ალტრუიზმიც წამგებიანი პოზიციაა…
5. გამოუსწორებელი ადამიანები და ნუგეში –
რა თქმა უნდა, არსებობს ადამიანთა ის იშვიათი კატეგორიაც, რომელიც გამოუსწორებელია და არ ექვემდებარება არავითარ „მკურნალობას“… როგორც წესი ამ დროს ურთიერთობა ტრიალებს წრეზე ან საერთოდაც გამოკიდებულია ჰაერში… ტაროს და გაშლებისა და კონსულტაციების დროს ხუმრობით ვამბობ ხოლმე – „ ჩამოკიდებულს ცელი თუ უშველის… უნდა მოუქნიო და გადაჭრა თოკი, თუმცა დაცემა ალბათ ეტკინება… ან თავად მას უნდა გამოუსვა ცელი და დაისვენებს ტანჯვისგან…“ რა თქმა უნდა ეს უკანასკნელი ცოტა სასტიკად ჟღერს, მაგრამ გთხოვთ მიიღეთ ეს გადატანითი მნიშვნელობით, მე კი აგიხსნით რა იგულისხმება… ადამიანს ყოველთვის აკავებს ან აფერხებს რაღაც, შესაბამისად ზოგჯერ არის აუცილებელი იმ „რაღაცის“ მოკვეთა, რათა არ შეუშალოს ადამიანს ხელი წინსვლასა და ცხოვრების განვითარებაში (ეს შეიძლება იყოს ბავშვობის ტრავმები, წარუმატებლობები , გამოუცდელობა, მიჯაჭვულობები და გამჯდარი მავნე თვისებები, წარსული) ერთადერთი რაც ხელს უშლის ხოლმე ტრანსფორმაციას გახლავთ მიჯაჭვულობა წარსულზე და ის რომ „სივრცე გამოტენილია ძველი ნივთებით“ თუ ძველს არ გაუშვებ ახალი სადღა შემოვა, მისთვის ადგილიც კი არ გაქვთ… რაც შეეხება თავად ჩამოკიდებულის „მოკვლას“, ესეც ალეგორიულია… ნაგულისხმებია სიკვდილი არა მატერიალური, არამედ სულიერი – ძველი განუვითარებელი და სუსტის დასასრული და ახლის დაბადება, რადიკალური ტრანსფორმაცია გონებრივ,სულიერ და ცხოვრებისეულ დონეზე. მაგრამ არიან ადამიანები, ვინც ყოველივე ამას არ ექვემდებარება, მათ ამ ღრმა ძირილად ვერც მეტეორთა წვიმა და ვერც იმირის ყვირილი გამოაღვიძებთ (იმირი / აურგელმირი- ჩრდილოური მითოსიდან). ასეთ დროს, ერთადერთი ვარიანტიღა რჩება – გაიქეცით! იმას მაინც ვერ უშველით და თავი მაინც გაითავისუფლეთ… ტოქსიკური ურთიერთობები განწირულია დასასრულისთვის, მთვარია ეს დროუალად გაკეთდეს რათა ხანგრძლივი „გზით“ დაქანცულს შემდგომ ახალი გზაზე წასვლა არ გაგიჭირდეთ… ეცადეთ იყოთ ის ადამიანი, რაც გევალებათ – პარტნიორი… და ნუ მოირგებთ აღმზრდელის, თერაპევტის ან ქველმოქმედის როლს… ასეთი ურთიერთობები შემდგომ საკმაოდ მძიმე და დამქანცველი ხდება.
რაც შეეხება ნუგეშის საკითხს… ადამიანები ხშირად თვლიან, რომ ერთი ნეგატიური ურთიერთობის დასავიწყებლად საჭიროა მეორე (როგორც წესი ასევე ნეგატიური…) ურთიერთობა… სჭირდებათ ვიღაც ვინც ტკივილს გაუქარვებს და გონებას გადაატანინებთ, ასეთ ადამიანებს მე ვუწოდე „ტკივილგამაყუჩებლები“.
„ტკივილგამაყუჩებლებს“ აქვთ ერთი მინუსი, მათი მოქმედება დროებითია ან იწვევს გვერდით ეფექტებს.
მართალია თავდაპირველად ყველაფერი კარგად წავა, გულიც გამთელდება და გონებაც დამშვიდდება, მაგრამ შემდგომ ეს პიროვნება ამოწურავს როლს და გაყუჩების ეფექტიც გაქრება… რაც დაგვიტოვებს სიცარიელის განცდას… ცოტა უფრო ეზოთერულად თუ მივუდგებით ამას, თუ თქვენ ადამიანთან დაიწყეთ ურთიერთობა მეორის ჩასანაცვლებად, ეს მალევე ამოწურავს ამ ადამიანის მისიას და მის ენერგეტიკულ რესურსს (ამ ურთიერთობაში) შესაბამისად ეს ურთიერთობაც გაჩერდება (რადგან ადამიანის ფუნქცია იყო ვიღაცის ჩანაცვლება ან ტკივილის შეჩერება, ის თავად არ ყოფილა მიზანი). არსებობს კიდევ ერთი პრობლემა, ხშირად იმედგაცრუებითა და ტკივილით დაბნეულნი ვერ ვხედავთ ადამიანებში მავნე თვისებებსა და ნიშნებს, ამიტომ ფრთხილად იყავით ისე არ გამოვიდეს „ვაის გავეყარე და ვუის შევეყარეო“…
6. იქნებ პრობლემა თქვენშია ან სამყაროს სხვა გეგმა აქვს თქვენთვის? –
ზოგჯერ ჩვენ ვერ ვამჩნევთ საკუთარ ნაკლოვანებებს, ქცევებს, გამოხატულებებს ან საერთოდაც ვიზუალურ მხარეს… ეცადეთ ყოველთის იყოთ გათვითცნობიერებული და ყურადღებიანი. მიუხედავად იმისა, რომ უთანხმოების ან რაიმე პრობლემის მიზეზი შეიძლება ხშირად აღმოვჩნდეთ, ყოველთვის ჩვენი ბრალი არ იქნება, ეცადეთ ზედმეტადაც არ აიღოთ ყველაფერი საკუთარ თავზე.
და ბოლოს, მთავარი რამ რაზეც მინდოდა გამესვა ხაზი – ხანდახან სამყაროს (ან ჩვენსსავე უმაღლეს მე-ს) აქვს განსხვავებული გეგმა ჩვენთვის, ის ცდილობს რომ რამენაირად დაგვანახოს ხარვეზები, გაგვახედოს სხვა ადამიანისკენ, მიგვახვედროს რომ ის ჩვენ არ გვეკუთვნის! ხანდახან გადის დრო და ვხვდებით „კიდევ კარგი მასთან ურთიერთობა ვერ შედგა… თორემ ახლა ვინანებდი“, ამიტომ გახსოვდეთ, ზოგჯერ როდესაც სამყარო ცდილობს რაიმე ცვლილების შემოტანას, უნდა გავყვეთ და მივენდოთ… სავარაუდოდ ის რაღაც უფრო საინტერესოს გიმზადებთ.
გისურვებთ ყველას წარმატებას, ჰარმონიასა და სიყვარულს!
სტატიის ავტორი: ნ.თ. SVART