Now Reading
არის კი ხსნა-განვითარება მატერიისაგან განდგომაში?!

არის კი ხსნა-განვითარება მატერიისაგან განდგომაში?! (სტატიას ჯერჯერობით შეფასება არ აქვს)

სტატია შეეხება საკმაოდ სენსიტიურ თემებს, “ვისაც სუსტი ნერვები გაქვთ, გთხოვთ დატოვოთ დარბაზი ან მოიმარჯვოთ დამამშვიდებელი საშუალება”.

ამ სტატიაში მსურს შევეხო მეტად სადავო და საჭირბოროტო საკითხს, რომელიც ეხება იდეას, რომ ჭეშმარიტი განვითარება სულიერ, მენტალურ თუ ენერგეტიკულ მიზნებში ყოველგვარი მატერიალური სიკეთისა და მადლის თუ ინტერესებისაგან განდგომაშია.
საუკუნეთა მანძილზე გვასწავლიდნენ, რომ ყოველივე მიწიერით ტკბობა სატიალეა, ცხოვრებისა და საკუთარი თავების ხორციელ ასპექტებზე ფოკუსირება საძაგელი, რომ ფული ხელის ჭუჭყია, მედიკოსები და მეცნიერები მაცდურნი, სექსუალურ საკითხებზე ხომ საერთოდ საუბარიც ზედმეტია…

როგორც აღვნიშნე, საკითხი საკმაოდ სადავო და , აღსანიშნავია, ბევრისათვის რთულად გასაგები იქნება, თუმცა ვიმედოვნებ რომ მკითხველი შეძლებს ზემოთ ხსენებული სწავლა-დარიგებების თუნდაც დროებით დავიწყებას…

უპირველესყოვლისა, გეტყვით, რომ მატერიალური განვითარება არანაკლებ მნიშვნელოვანია მენტალურ, სულიერსა და ემოციურზე.

არგუმენტებს დავესესხები დიმიტრი უზნაძეს ( განწყობის თეორია) და აღმოსავლურ სწავლებებს (კერძოდ გამოვიყენებ ჩაკრების სისტემას გარკვეული მაგალითების მოსაყვანად) და შევეცდები სწორედ ამ არგუმენტების გამოყენებით შედარებით გაგიმარტივოთ იმ იდეის წვდომა, რომ ფიზიკური ასპექტების განვითარება რაღაცმხრივ მოწინავეც კი არის.

დიმიტრი უზნაძის თანახმად, იმისათვის რომ ადამიანმა განახორციელოს რაიმე სახის მოქმედება ან რომ მას გაუჩნდეს მიზანი ( რაღაცის შესრულების, მიღებისა თუ მიღწევის სურვილი) აუცილებელია ორი კომპონენტი: მოთხოვნილება და სიტუაცია.

“ მოთხოვნილება და სიტუაცია ერთან აღებული იწვევს განწყობას, ხოლო, ის, თავის მხრივ, იწვევს ქცევას. მეტიც, ამ მოდელში ოთხი ცვლადია, ორი დამოუკიდებელი ცვლადი, რომელთა ურთიერთქმედება იწვევს განწყობის აღმოცენებას, ხოლო განწყობა მედიატორის როლს თამაშობს ამ ორ ცვლადსა და ქცევას შორის. ქცევა – დამოკიდებული ცვლადია” ( დიმიტრი უზნაძე, განწყობის თეორია, 132-133).

მაშ რას ნიშნავს ეს ყველაფერი?
სიტუაცია – ეს არის ის გარემო და მოქმედი ფაქტორები, რომელიც არის ადამიანში ამა თუ იმ ქმედების ან მოთხოვნილების აღძვრისათვის დამაკმაყოფილებელი.
მოთხოვნილება, ვფიქრობ ისედაც გასაგებია რასაც წარმოადგენს…

მოთხოვნილება და სიტუაცია იწვევს განწყობას, ხოლო ის, თვის მხრივ, გვიბიძგებს მოქმედებისაკენ ( იწვევს ქცევას). მაგ.: თუ ადამიანი შეაწუხა შიმშილმა ( მოთხოვნილება) და სახლში არ არის სათანადო პროდუქტი ( სიტუაცია) მას უჩნდება გარეთ გასვლის განწყობა, რათა შევიდეს მაღაზიაში და მოიპოვოს საკვები, საბოლოოდ ის გადის გარეთ და ყიდულობს საჭირო პროდუქტებს (მოქმედება).

ამ თეორიის თანახმად აგრეთვე არსებობს მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი მექანიზმი, რომელიც ეხება განწყობის ხარისხსა და პრიორიტეტებს. არსებობს, ასე ვთქვათ, “ პირველხარისხოვანი განწყობა” და “მეორეხარისხოვანი”. პირველი ხარისხის განწყობა გულისხმობს ადამიანისათვის აუცილებელ, ფიზიოლოგიურ-ინსტინქტურ დონეზე პრიორიტეტულ საჭიროებებს ( კვება, სითხის მიღება, ძილი, ტკივილისაგან განრიდება ან მისი გაქარვება, ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები და სხვა…), მეორეხარისხოვნად კი შეგვიძლია ჩავთვალოთ ის რთული მენტალური ოპერაციები და მიზნები, როგორიც შეიძლება ბრიფინგი, გასაუბრების დასწრება, ტესტის დაწერა, სწავლა თუ სხვა…

სავარაუდოდ მიხვდებოდით, პირველხარისხოვანი განწყობა და მოთხოვნილებები ყოველთვის დომინირებს უკანასკნელზე… თუ ადამიანს აწუხებს თავის ტკივილი, მას გაუჭირდება ფილისოფოსთა ნაშრომების ანალიზის წერა. თუ ადამიანს გაუჩნდა დაუძლეველი მოთხოვნილება ისარგებლოს საპირფარეშოთი, ის ვერ მოიკრებს ყურადღებას და ვერ მოუსმენს თანამშრომელთა იდეებს და ა.შ…
(ალბათ ხვდებით საითკენაც მიდის საუბარი).

რაც შეეხება ჩაკრებს ( სანსკრიტიდან: ბორბალი, მბრუნავი ენერგია, ენერგეტიკული ცენტრი), მოგეხსენებათ, მათი ათვლა იწყება ქვემოდან ( სასქესო, წელისა და ქვედა სხეულის ზონებიდან), ხოლო საბოლოო ათვლის წერტილები არის 6 თავის არეში და 7 თავს ზემოთ.
ნუთუ არის შესაძლებელი ცათამბრჯენის ისე აგება, რომ საძირკველი ჰქონდეს მორყეული? – არა!

ვერც ჩაკრათა სისტემის განვითარებას შევძლებთ თუ არ დავიწყებთ პირველით და ქრონოლოგიურად მივუყვებით ბოლომდე.
თუ ადამიანს არ აქვს მოწესრიგებული მისი ცხოვრება, პირველადი მატერიალური მოთხოვნილებები, საჭიროებები და სურვილები, თუ კი თქვენი სხეული არ იქნება ძლიერი და ჯანსაღი, ვერც სული შეძლებს სათანადოდ განმტკიცებას ( მინიმუმ ამისათვის ენერგია და ამტანობა არ გეყოფათ ან შუა გზაზე გონებას გაგიფანტავთ სხვა ფიქრები…) .
გარდა ამისა, უნდა გვახსოვდეს, რომ არაჯანსაღი სხეული იწვევს ენერგეტიკული სხეულის დაზიანებასაც ( და პირიქით, არაჯანსაღი ენერგია აზიანებს სხეულს). თუმცა ყოველივე ეს ვლინდება არა მხოლოდ მატერიალურად ხილული რეზულტატისა თუ დიაგნოზის სახით, არამედ ადამიანის ფიქრებსა და განცდებშიც ( ამ საკითხის უკეთ გასაგებად გაეცანით ჩვენს სტატიებს ჩაკრების შესახებ, თუ რა ხდება ადამიანის თავს ამა თუ იმ ჩაკრის დისფუნქციის ან ჯანსაღი ფუნქციონირების დროს).

ბოლოსთვის მოვიტოვე ყველაზე მნიშვნელოვანი, სწორედ ის სენსიტიური თემა, რომელიც აღვნიშნე შესავალში…
ლიბიდო – ეს არის ფიზილიოგიური და ფსიქიკური, სექსუალური-კრეატიული ენერგია, რომელიც პასუხისმგბელები სექსუალურ მოთხოვნილებებზე და ადამიანის ყოველი სახის კონსტრუქციულ და შემოქმედებით საქმიანობაზე. ( ზიგმუნდ ფროიდი).

ლიბიდო არის ის ენერგია, რომელიც ერთდროულად პასუხისმგებელია, როგორც სექსუალურ მოთხოვნილებებზე ( ეროსზე, ინტიმურობაზე, სიამოვნებაზე, გამრავლებაზე), აგრეთვე ადამიანის შემოქმედებით და სასარგებლო ფიზიკურ აქტივობებზე, როგორიცაა: სპორტი, სამსახური, კარიერა, ბიზნესი, ხელოვნება, დიდი მიზნები, იდეები და სხვა… სწორედ ქვედა რეესტრის ენერგეტიკულ ცენტრებში ხდება ლიბიდოზური ენერგიის წარმოქმნა და აღძვრა, შემდგომ კი მისი მიმართვა ზედა რეესტრის ენერგეტიკული არხების გამოსაკვებად. ამ ენერგიის გარეშე ადამიანი იქცევა უმწეო, უსუსურ, არაქმედითუნარიან და უსარგებლო არსებად. ის ვეღარ ახერხებს ცხოვრების, იდეებითა თუ ცოდნით ტკბობას, ვეღარ ახერხებს საქმის წამოწყებას ან მის ბოლოში გაყვანას, ამ ენერგიის დაზიანებით ეზღუდება კავშირი ფინანსურ არხთან და საბოლოო ჯამში იწვევს დაავადებათა თუ ფსიქიკურ-ემოციურ აშილობათა რიგს.

რელიგიათა უმრავლესობა ( უფრო კონკრეტულად კი იუდაისტური რელიგიები, რომლებიც ეფუძნება ძველ სემიტურ, აბრაამულ თუ მოსეს რჯულზე დაყრდნობილ რწმენათა სისტემას) საუკუნეთა მანძილზე შეუპოვრად იბრძვიან და ცდილობენ, რომ ადამიანში დათესონ ზემოთ ხსენებული ენერგიისა და კონცეფციების ზიზღი, რიდი და შიში. ადრეული ასაკიდანვე ასწავლიან, რომ სექსი არის ბოროტება, საკუთარი თვის სქესობრივი ასპექტების შესწავლასა და შეცნობას სირცხვილისა და დანაშაულის განცდით აბრკოლებენ და საბოლოოდ ადამიანში ყოველივე შემოქმედებითს, ყველანაირი სახის თვითგამოხატვისა თუ სულის ძახილის გაჟღერების საშუალებას მარხავენ და აბეტონებენ მრავალი მანკიერი და მახინჯი იარლიყებით ( მსახიობოსა, მუსიკოსობა, პოეზია, მაგია, სიზმრის ხილვა და ოცნებაც კი ცოდვაა). საბოლოო ჯამში, ვიღებთ ადამიანს, რომელსაც ყველა არხი აქვს დაბლოკილი და გადაკეტილი და ის ხდება ვალდებული დაემორჩილოს ზემოთხსენებულ სისტემებს, ვეღარც ფინანსურ არხთან აწარმოებს დამოუკიდებელ კავშირსა და ურთიერთობას, ვეღარც რეალიზდება და ამას ემატება შეკავებული ემოციებითა და ენერგიით გამოწვეული მრავალი პრობლემა.
დანაშაულისა და სირცხვილის განცდებით დაზიანებული კუჭნაწლავის მოქმედება, შეკავებული ემოციებით ნაღვლისა და ღვილძის დამძიმება, სირცხვილითა და კომპლექსებით შარდსასქესო და ჰორმონალური პრობლემების გაღვივება და ა.შ…

ეს სწავლებები გვაუწყებენ, რომ მხოლოდ სულიერი განვითარებით შეიძლება, რომ ადამიანი, როგორც არსება, ამაღლდეს. რა დროსაც მხოლოდ ზედა რეესტრის ჩაკრების განვითარებაზე ზრუნვით შესაძლოა იქნას გამოწვეული ენერგეტიკული დისბალანსი და ზემოთ მიმართული ჭარბი ენერგია გამოიწვევს თავის ზონის მოშლას, შესაბამისად პრობლემებს მსოფლმხედველობაში, ანალიზსა და აზროვნებაში, ფსიქიკასა და ნერვულ სისტემაში და საბოლოო ჯამში სულიერ დონეებზე.

ერთადერთი სწორი სულიერი თუ ენერგეტიკული განვითარების გზა არის არა მხოლოდ ზედა რეესტრზე ფოკუსირება, არამედ ქვედა მატერიალურის განვითარებაც, შუა ემოციურ-მენტალურისაც და სულიერისა თუ “მისტიურისაც”. ჯერ დაიწყეთ მატერიალურ სამაყაროზე ზრუნვით თქვენში და თქვენს გარშემო, მიუხედავად იმისა რომ მიწის სტიქია ხისტია, მაინც უფრო მარტივი დასამორჩილებელია, რადგან მისი დამორჩილების გარეშე ზემოთ ასასვლელი კარი არც გაიღება. იზრუნეთ საკუთარ სხეულზე, საჭიროებებზე, მიზნებზე და ეტაპობრივად მიხვდებით, რომ სულიერ საკითხებზე ზრუნვის მოთხოვნილება თავისთავად გეწვევათ და ამისათვის მეტი დრო და ენერგიაც გექნებათ.

 

გამოხმაურება

შეაფასეთ ეს სტატია

© 2020 გრიმუარი. ყველა უფლება დაცულია

Scroll To Top