Now Reading
მაგიის გამოყენებისთვის ჯოჯოხეთში მოვხვდებით?

მაგიის გამოყენებისთვის ჯოჯოხეთში მოვხვდებით? 5/5 (2)

საკმაოდ ხშირია მსგავსი ტიპის კითხვები (ბუნებრივია, ისეთი ადამიანების მხრიდან ვინც ამ სფეროში არ ერკვევა), თუმცა ეს ოდნავაც არ მაკვირვებს, რადგან მაგიურ-ოკულტური სფეროების გარშემო უამრავი მითქმა-მოთქმა, უსაფუძვლო ბოდვა (ზოგჯერ თავად ამ სფეროს „წარმომადგენლებისგანაც“ კი) ტრიალებს. მაგრამ როგორია რეალობა? – პასუხი ამ კითხვაზე ერთდროულად მარტივია და საკმაოდ რთულიც… თუ არ გიყვართ გრძელი ტექსტების, სამეცნიერო თუ ფილოსოფიური აზრების მოსმენა, მოკლედ გეტყვით – თქვენ ნამდვილად სამოთხე გელით.
თუ თქვენ ჯერ კიდევ არ „გაქცეულხართ“ ჩემი სტატიისგან, მაშინ თქვენთვის კარგი ამბავი მაქვს და განვაგრძობ ხსენებული კითხვის უფრო სიღრმისეულ განხილვას.
გაგეცინებათ ალბათ ზემოთ ხსენებულზე… საქმე იმაშია, რომ საზოგადოება შეჩვეულია „ნაკლებ ფიქრს“, შესაბამისად რაც უფრო უდარდელად არსებობს ქმნილება – ადამიანი, მით უფრო ნაკლებია რისკი იმისა რომ ოდესმე ჩემს მიერ ქვემოთ ხსენებულ აზრებზე იდარდონ, მაშასადამე არ გავურთულე ყოფა… მაგრამ თუ თქვენ რეალურად ეძებთ პასუხებს და მზად ხართ ინფორმაციის მისაღებად, იმედი მაქვს ეს სტატია თქვენს ცხოვრებაში რამეს სასიკეთოდ შეცვლის…
დავიწყოთ თავად სამოთხისა და ჯოჯოხეთის კონცეფციის განხილვით.
უპირველეს ყოვლისა, უნდა გავისიგრძესიგანოთ რომ სამოთხე და ჯოჯოხეთი არ გახლავთ ფიზიკური ადგილები, რომელშიც მოხვდება ადამიანი სიკვდილის შემდგომ. სამოთხეც და ჯოჯოხეთიც გახლავთ მდგომარეობა, ადამიანის სულისა და გონისა, რომელიც იწყება ამა ცხოვრებაშივე და შემდგომაც შესაძლოა გაგვყვეს (ხაზს ვუსვამ, რომ შესაძლოა და არა აუცილებლად). მოგეხსენებათ ადამიანებს გვაქვს ისეთი საინტერესო „რამ“, რასაც ეწოდება ფსიქიკა, სწორედ ფსიქიკაში ცოცხლობს ყოველივე ჩვენი აზრი, ფიქრი, სურვილი, ლტოლვა, ვნება, შიში, ტრავმა, დანაშაულის განცდა და სხვა… თქვენ წარმოიდგინეთ და ადამიანის სულიერ სხეულსაც აქვს ფსიქიკა, რომელზეც ზეგავლენას ნაწილობრივ ახდენს ჩვენი „ადამიანური ფსიქიკა“. მთელი ცხოვრების მანძილზე, მის დაწყებამდე და შემდგომაც ინფორმაცია მიეწოდება ფსიქიკას და შესაბამისად ხდება გარკვეული პროგრამებისა და სტრუქტურების წარმოქმნა და გამყარება, ხოლო ყველაზე შთამბეჭდავი ან მნიშვნელოვანი წარმონაქმნები ზეგავლენას ახდენს ადამიანის მომდევნო, ანუ სიცოცხლის შემდგომ, მდგომარეობაზეც როგორც გამოცდილება და დაგროვებული ცოდნა ან მოგონებები… აქედან გამომდინარე ვამბობ, რომ ჯოჯოხეთიც და სამოთხეც იწყება აქ და არა სადღაც „იქ“ და მერე.
სამოთხის კონცეფცია ყველასათვის გასაგებია და დიდად საინტერესოც არ არის, ნეტარებათა ნეტარება, საუკეთესო რამ საუკეთესოთა შორის, სიყვარულისა და ბედნიერების აბსოლუტი… აი ჯოჯოხეთი კი გახლავთ ის რასაც იშვიათად თუ ვუსწორებთ თვალს და ვბედავთ მის ანალიზს. ჯოჯოხეთის აღწერა, როგორც წესი, არის საკმაოდ მარტივი ( რელიგიურ და ეპიკურ ნაწარმოებებში) ქვესკნელი, მიწისქვეშეთი ან დილეგი სადაც მუდმივად გიზგიზებს ალი და იტანჯებიან ცოდვილნი… კარგი, ყველაფერი თითქოს გასაგებია, მაგრამ რა ესაქმება ალს სულიერ სამყაროში? ან იმაზე თუ დაფიქრებულხართ რომ ტკივილი არის ფიზიკური ფენომენი და არა სულიერი… დღესდღეობით გავრცელებული ჯოჯოხეთის მოდელი არც ისე ძველია, ის მოდის მე-14 საუკუნიდან, კერძოდ იტალიური ეპიკური პოემიდან, რომელსაც ვიცნობთ „დანტეს ჯოჯოხეთის“ ან უფრო სწორად „ღვთაებრივი კომედიის“ სახელით, რომელიც ეკუთვნის იტალიელ მწერალსა და ფილოსოფოსს დანტე ალიგიერის. დანტემ საკმაოდ ხატოვნად და აბსტრაქტულად გადმოსცა ჯოჯოხეთის მოდელი, რომელიც ხილვებმა ან ფანტაზიამ შთააგონა. საინტერესო ის ფაქტია, რომ ამ ნაწარმოებმა იმხელა ზეგავლენა იქონია მსოფლიოზე, რომ დღემდე რელიგიაც და საზოგადოებაც ჯოჯოხეთს აღწერს ზუსტად დანტეს მიერ აღწერილი მოდელის მიხედვით.
მაგრამ, ვინმე უფიქრდება იმას, რომ ყოველივე ეს არის ალეგორია? ან საერთოდაც ხუმრობა?..
კარგით, მოდით ამას ცოტახანში მივუბრუნდეთ ახლა კი ვეცდები უკეთ დაგანახოთ თუ რატომ არის ჯოჯოხეთი უფსკრული ან მიწისქვეშეთი და რა გვახვედრებს ჩვენ ამ განზომილებაში.
ცოდვა – ეს არის გარკვეული ცხოვრებისეული გამოცდილება, მოქმედება ან თუნდაც აზრი, რომელიც ატარებს ბოროტ მნიშვნელობას (სხვის, საკუთარი თავის ან ზოგადად სამყაროსა თუ უზენაესი ძალების მიმართ), რაც ილექება ადამიანის სულში და შემდგომ იწვევს პიროვნების ტანჯვას, თუ არ მოხდება განთავისუფლება მისგან. როგორ ხდება განთავისუფლება? – მონანიებით! ანუ საკუთარი თავის პატიებით, რისთვისაც ადამიანები იყენებენ აღსარებას.
ახლა კი ყოველივე ეს განვიხილოთ „ცოტა უფრო მეცნიერულად“, ადამიანები მუნდმივად ფიქრობენ, აზროვნებენ, რაღაცას ასრულებენ… არსებობს გარკვეული ქმედებები, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს ამორალურად და სავსებით შეიძლება ისინი მივიჩნიოთ „ბოროტად“, ამას იწვევს კულტურული ზეგავლენა ადამიანის ცნობიერებაზე, რა თქმა უნდა პირადი აზრი და მორალისა თუ ეთიკის აღქმა, აგრეთვე ჩვენი ფსიქიკის ის ნაწილები, რომლებსაც ეწოდებათ იდი, ეგო, სუპერ-ეგო. როდესაც ადამიანი რაღაცას „აშავებს“, და აქვე ვისარგებლებ შემთხვევით დანაშაულად ვთვლით ნებისმიერ რამეს რაც შეიძლება იქცეს შემდგომ ტვირთად, სინდისის ქენჯნისა თუ დარდის მიზეზად ცნობიერად ან არაცნობიერად ( რეალურად დანაშაულად შეიძლება ვაღიაროთ მხოლოდ სამი რამ: 1. საკუთარი თავის ან სხვის დაზიანება. 2. ნებისა და თავისუფლების შეზღუდვა. 3. აბსოლუტური უმოქმედობა, ფუჭი არსებობა). ამ დროს აღსარება ეხმარება ადამიანს გულიდან ლოდის მოშორებაში, რადგან მოგეხსენებათ რომ აღიარება ხშირად საუკეთესო მკურნალია ( იმავე როლს ასრულებს ფსიქოლოგთან ვიზიტი, ფსიქოთერაპია, ჰიპნოზი და სხვა…). როდესაც ადამიანი სცოდავს (ცოდვის კონცეფცია კი აგიხსენით, თავსმოხვეული, გამოგონებული და მანიპულატორული მიზნებისათვის განკუთვნილი ცოდვათა სია კი შეგიძლიათ დაივიწყოთ სამუდამოდ) ყოველივე ეს ტოვებს ანაბეჭდს ჩვენს ფსიქიკაზე, თუ დანაშაულის განცდა საკმარისად ძლიერია ან არის უარყოფილი, რეპრესირებული ჩვენი ფსიქიკის მიერ, ის ავტომატურად გადაინაცვლებს ჩვენს არაცნობიერში და იქცევა „აჩრდილად“ (კ.გ. იუნგი). ახლა კი დავფიქრდეთ იმაზე, რა ხდება როდესაც ადამიანი საკუთარ თავთან და იმ „აჩრდილებთან“ განმარტოვდება, ეს უდაოდ „არც ისე ლამაზი გამოცდილებაა“, ამის განცდა შეიძლება ღრმა მედიტაციის, ტრანსული ან ჰიპნოტური მდგომარეობის, ძილის ან თუნდაც კარგი ინტროსპექციის დროს, რომელთა დროსაც ადამიანი თავისი შრეების ზედაპირიდან ნელ-ნელა ჩადის გონებისა და სულის სიღრმეში, გამოქვალუში (ესეც ის მიწისქვეშეთი!). აი სიკვდილის შემდგომ კი, ჩათვალეთ ყველა გარე ჩარჩო იშლება და ვრჩებით მხოლოდ და მხოლოდ იმ ღრმა ნაწილებში, ჩვენი გონისა და სულის, სადაც არსებობენ და ბინადრობენ ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი, სასიხარულო და ასევე უსიამოვნო მოგონებები და გამოცდილებები. წარმოგიდგენიათ რამდენად უსიამოვნო იქნება, როდესაც ადამიანი ამ მდგომარეობას მიაღწევს? უბრალო სიზმრისა და წარმოსახვის დროს არის ეს დიდი დისკომფორტის მომტანი, რა დროსაც ჩვენ ჯერ კიდევ გარე ჩარჩოებში ვართ, აი უკვე როდესაც იმ სიღრმეში იქნები შენივე 100% გამოცდილება უდაოდ დაუვიწყარი გახდება, მანამ სანამ ადამიანის სული და ენერგია კვლავ არ განახლდება და გადავა ახალ საფეხურზე ( ახალი ცხოვრების ან მწვერვალთა-მწვერვალის გვირგვინს, კეტერს მიღმა). ამიტომაც არის საჭირო ცხოვრება ისე, რომ უკან მოხედვის კი არ გრცხვენოდეს ან გეშინოდეს, არამედ სიამაყითა და დიდი ღიმილით მიიხედო. ზუსტად ამიტომ ვამბობ, რომ ჯოჯოხეთიც და სამოთხეც არის მდგომარეობა და არა ადგილი, ის იწყება აქ და შემდგომ ახდენს ზეგავლენას ჩვენს სულიერ ზრდასა და განვითარებაზე.
რაც შეეხება მაგიისა და ცოდვების / ჯოჯოხეთის კავშირს – მაგია არის ინსტრუმენტი, პროცესი, სურვილის ან ჩანაფიქრის ხორცშესხმისა (მანიფესტაციის), ოცნება მაგიაა, ლოცვაც მაგიაა, საეკლესიო, წარმართული თუ ოკულტური რიტუალებიც მაგიაა… მაშასადამე მიპასუხეთ, შეიძლება ინსტრუმენტი იყოს ბოროტი?! რა თქმა უნდა, არა! ბოროტი შეიძლება იყოს მხოლოდ ადამიანი და მისი სურვილები. დანა ბოროტია? როცა პურს ჭრით არა, როცა ადამიანს, რაღაცმხრივ, კი… ანუ იარაღი ან ინსტრუმენტი კი არ წარმოადგენს ბოროტებესა და სიკეთეს, არამედ ჩვენი მიდგომა გახლავთ ამის საზომი.
წმ. გიორგის ხატზე უამრავი ადამიანი ლოცულობს კეთილი მიზნებით, მაგრამ ამ ხატზე ასევე წყევლიან ადამიანებს… მითხარით ეს ხატი ბოროტია თუ კეთილი?
ამბობენ ფული ბოროტებააო, რა დროსაც უფულობაა ყოველივე ბოროტის საწყისი… რა თქმა უნდა შეიძლება ადამიანი იმდენად დახარბდეს ფულზე ან მის მისაღებად ბოროტი გზები გამოიყენოს მაგრამ ეს არ ხდის ფულს ბოროტს, ყველაფერი კვლავ ჩვენზეა დამოკიდებული. ფული არის ინსტრუმენტი, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ თვითგადარჩენისთვის (საკვები, ტანისამოსი, კომფორტი, ძალაუფლება…), მე თუ მკითხავთ, ყოველივეს საწყისი არის საკვები და გამრავლება, რადგან ის ფულიც პირდაპირ თუ ირიბად განასახიერებს მას. კვება, თავად საკვები ან სახეობის გამრავლება ცუდია?
მაგიის გამოყენებისთვის არავინ მოხვდება ჯოჯოხეთში, მაგრამ მისი გარყვნილი და მავნე მიზნებისთვის გამოყენება უდაოდ საშინელ ანაბეჭდს დატოვებს ჩვენს ამქვეყნიერ და სულიერ ფსიქიკაზე.
თუ ადამიანს სჭირდება მეტი ფული (რადგან არსებული შემოსავალი არ ჰყოფნის), რამდენიმე სანთელს აანთებს, დახატავს გარკვეულ სიმბოლოს და ორიოდე უცნაურ სიტყვას წაიბუტბუტებს ან თუ ადამიანს მუდმივად ესხმიან თავს და უმწარებენ არსებობას და ის გაიკეთებს დაცვას ან ენერგეტიკულ წმენდვას ეს ცოდვაა? როდესაც ადამიანები ყიდიან განადგურების იარაღსა და ტყვიაწამალს, უბედურ ადამიანებს აპირისპირებენ ერთმანეთს, ომითა და სისხლით წურავენ საცოდავი ერების ისედაც გამომშრალ მიწასა და სხეულებს ეს სიკეთეა? ორივე შემთხვევაში ადამიანი ცდილობს ფინანსური წარმატების მიღწევას და განვითარებას, მაგრამ რის ხარჯზე? ერთ შემთხვევაში მაგიით, მეორეში მის გარეშე… შეუძლებელია ბოროტი იყოს ის, რაც ადამიანთა დახმარებას ან განვითარებას ემხსახურება.
ვფიქრობ პასუხი ნათელია.
დამატებით გავცემ პასუხს კიდევ ერთ დილემას, თუ ჩვენ ვმუშაობთ „მძიმე ძალებთან“ ეს არ არის ბოროტება? დავუშვათ ადამიანმა გადაწყვიტა სოფელში ახალი სახლის აშენება, მას სჭირდება ცემენტისა და აგურის ბლოკების გადატანა.
გვაქვს არჩევანი – 1. ვრეკავთ გარკვეულ კომპანიაში, რომელიც გვიგზავნის მუშახელს. 2. მივმართავთ მეზობლად მცხოვრებ „ცუდ ბიჭებს“ (პირობითად კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანებს), ისინი ასრულებენ საქმეს, შედარებით იაფად და „წიომნად“ (ვერ ვიტან ჟარგონებს, თუმცა აქ სხვაგვარად არ გამოვა) ვუხდით მათ დაპირებულ თანხას და ისინი ასრულებენ საქმეს… რა განსხვავებაა? არანაირი! ეს ყველაფერი არ გვავალდებულებს, რომ „ცუდ ბიჭებთან“ მჭიდრო და ხშირი კონტაქტი ვიქონიოთ ან მათი საქმეები შევასრულოთ, რადგან ჩვენ ვართ დამკვეთი, რომელიც იხდის ფულს კონკრეტულ დავალებაში და მორჩა! თუმცა თუ ჩვენ დავუწყებთ მათ მეტად დაახლოებას, თაყვანისცემასა და განდიდებას ან არ გადავუხდით დაპირებულ თანხას, რა საკვირველია, კისერს წავიტეხთ.
იმედი მაქვს, ეს სტატია ცოტათი დაგეხმარებათ რაღაცების გაანალიზებასა და სწორ გაგებაში. არ ავნოთ სხვებს, არ ავნოთ თავს, იყავით სუფთა და კეთილსინდისიერი და ,რაც მთავარია, ზედმეტად ნუ დაიტვირთავთ თავს უაზრო შიშებითა და მოხვეული დანაშაულებით… ამ სამყაროს წესი მარტივია, აკეთე ის რაც ნებით გსურს! მთავარია ამით არ შეზღუდო სხვათა თავისუფალი ნება ან არ დააზიანო ვინმე.
გისურვებთ ამაყ და ბედნიერ ცხოვრებას.

პ.ს. საკუთარი განათლების, ცნობიერებისა და ენერგეტიკის ამაღლებაზე მუშაობა, პერიოდულად ან ხშირად, ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობასა და სიმშვიდეზე ზრუნვაც ძალიან კარგი იქნება.

სტატიის ავტორი: ნ.თ. SVART

გამოხმაურება

შეაფასეთ ეს სტატია

© 2020 გრიმუარი. ყველა უფლება დაცულია

Scroll To Top