Now Reading
ახალგაზრდა ბერი და ცარიელი ნავი

ახალგაზრდა ბერი და ცარიელი ნავი (სტატიას ჯერჯერობით შეფასება არ აქვს)

ძენის ამბავი, თუ როგორ მიიყვანა  ზედმეტმა ფიქრმა შინაგან ტანჯვამდე

ოდესღაც ახალგაზრდა ძენი (ბერი) ცხოვრობდა პატარა მონასტერში, რომელიც მდებარეობდა პატარა ტბის გვერდით, ტყეში. მონასტერში რამდენიმე უფროსი ბერი ცხოვრობდა. დანარჩენები ახალმოსულები იყვნენ, რომლებსაც ჯერ კიდევ ბევრი ჰქონდათ სასწავლი. ბერებს მონასტერში მრავალი მოვალეობა ჰქონდათ, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ყოველდღიური წესი- ისინი უნდა დამსხდარიყვნენ, თვალები დაეხუჭათ და საათობით ჩუმად ეფიქრათ.

ყოველი მედიტაციის შემდეგ მათ მოეთხოვებოდათ მენტორისთვის ეცნობებინათ თავიანთი პროგრესის შესახებ. ახალგაზრდა ბერს მედიტაციის დროს კონცენტრაციის შენარჩუნება რამდენიმე მიზეზის გამო გაუჭირდა, რამაც იგი ძალიან გააბრაზა. მას შემდეგ, რაც თავისი პროგრესის სავალალო განვითარების შესახებ შეატყობინა მოძღვარს, უფროსმა ბერმა ახალგაზრდა ბერს დაუსვა მარტივი შეკითხვა, რომელიც გულისხმობდა შეფარულ გაკვეთილსაც: “იცი, რა გაბრაზებს სინამდვილეში?”

ახალგაზრდა ბერმა უპასუხა: „როგორც წესი, როგორც კი თვალებს ვხუჭავ და ვიწყებ მედიტაციას, ვიღაც მოძრაობს და ყურადღება მეფანტება. მაშინაც კი მაწუხებენ, როცა ხედავენ, რომ ვმედიტირებ. შემდეგ კი, როცა ისევ დავხუჭავ თვალებს და ვცდილობ კონცენტრირება მოვახდინო, კატამ ან რომელიმე პატარა ცხოველმა შეიძლება ჩემს გვერდით გაიაროს და ისევ შემაწუხოს. მაშინაც კი, როცა ქარი უბერავს და ხის ტოტები შრიალებენ, მე ვბრაზდები. თუ ეს საკმარისი არ არის, ჩიტები აგრძელებენ ჭიკჭიკს და ვგრძნობ, რომ ამ ადგილას სიმშვიდეს ვერ ვპოულობ. აი ამგვარად შეუძლებელია რაიმეზე ვკონცენტრირდე.”

უფროსმა ბერმა უბრალოდ მიუთითა თავის მოწაფეს: „მე ვხედავ, რომ შენ ბრაზდები ყოველი დაბრკოლების გამო. ეს არის საპირისპირო იმისა, თუ რა არის შენი მიზანი მედიტაციაში.  უნდა იპოვო გზა, რომ არ გაბრაზდე ადამიანებზე, ცხოველებზე ან შენს ირგვლივ სხვაზე, რაც ხელს გიშლის დავალების შესრულებაში.”

ამ საუბრის შემდეგ ახალგაზრდა ბერმა მიმოიხედა უფრო მშვიდი ადგილის საპოვნელად, რათა მშვიდად ეფიქრა. ასეთი ადგილი იპოვა ახლომდებარე ტბის ნაპირზე. მან მიიტანა თავისი ხალიჩა, დაჯდა და დაიწყო ფიქრი. მაგრამ მალე ფრინველთა გუნდი ტბაში ჩაჯდა სწორედ იმ ადგილთან, სადაც ბერი მედიტირებდა. მათი ხმაურის გაგონებაზე ბერმა თვალები გაახილა, რათა დაენახა რა ხდებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ტბის ტერიტორია მონასტერზე უფრო მშვიდი იყო, რაღაცამ მაინც დაურღვია სიმშვიდე და ისევ გაბრაზდა. მიუხედავად იმისა, რომ ვერ იპოვა სიმშვიდე, რომელსაც ეძებდა, მაინც განაგრძო ტბასთან განმარტოვება რამდენიმე დღის განმავლობაში…

ერთ დღეს ბერმა ტბასთან იხილა ნავი. მას გაუჩნდა იდეა: „რომ გამოვიყენო ნავი, შევიდე ტბის შუაგულში და იქ ვიმედიტირო, შუა ტბაში ვერაფერი შემაწუხებს!”

შეცურა ნავით შუა ტბაში და დაიწყო მედიტაცია.

როგორც მოელოდა, შუა ტბაში არაფერს არ შეუწუხებია და მთელი დღე მედიტაციაც შეძლო. დღის ბოლოს მონასტერში დაბრუნდა. ასე გაგრძელდა ორი დღე და ბერი გახარებული იყო, რომ საბოლოოდ იპოვა ადგილი, სადაც მშვიდად მედიტაციას შეძლებდა. არც გაბრაზებას გრძნობდა და მშვიდად შეეძლო მედიტაციის პრაქტიკის გაგრძელება.

მესამე დღეს ბერი ნავში ჩაჯდა, ტბის შუაგულში გაცურა და კვლავ დაიწყო მედიტაცია. რამდენიმე წუთის შემდეგ მან გაიგო წყლის ტალღების ხმა და იგრძნო, რომ ნავი ქანაობდა. ისევ ნერვიულობამ და ბრაზმა შეიპყრო, რადგან შუა ტბაშიც კი ვიღაც ან რაღაც აწუხებდა.

თვალები რომ გაახილა, დაინახა პირდაპირ მისკენ მიმავალი ნავი. დაუყვირა: „აკონტროლე შენი ნავი თორემ ჩემს ნავს დაეჯახება.”

თუმცა, მეორე ნავი პირდაპირ მისკენ მოდიოდა და სულ რამდენიმე მეტრის მოშორებით იყო. ისევ იყვირა, მაგრამ არაფერი შეცვლილა და მოახლოებული ნავი ბერის ნავს დაეჯახა. ძალიან გაბრაზდა და დაიყვირა: “ვინ ხარ და რატომ შეეჯახე ჩემს ნავს ამ უზარმაზარი ტბის შუაგულში? -პასუხი არავინ გასცა.

ამან კიდევ უფრო გააბრაზა ახალგაზრდა ბერი.

ადგა, რათა დაენახა, ვინ იყო მეორე ნავში და მისდა გასაკვირად, აღმოაჩინა, რომ ნავში არავინ იყო.

ნავი სავარაუდოდ ქარის მიმართულებით მიცურავდა და ბერის ნავს დაეჯახა. ბერმა აღმოაჩინა, რომ მისი რისხვა გაიფანტა. ეს უბრალოდ ცარიელი ნავი იყო. ამის გაცნობიერებისთანავე ბრაზმა გადაურა.

იმ მომენტში მას გაახსენდა მენტორის შეკითხვა: “იცი, რა გაბრაზებს სინამდვილეში?” დაფიქრდა და მიხვდა: „ჩემი ბრაზი არ ეხება სხვა ადამიანებს, სიტუაციებს ან გარემოებებს. ცარიელი ნავი არაფერ შუაშია, არამედ ჩემი რეაქცია მასზე, რაც მაბრაზებს. ყველა ადამიანი და სიტუაცია, რომელიც მაღიზიანებს და მაბრაზებს, ცარიელ ნავს ჰგავს. მათ არ აქვთ ძალა, რომ ჩემი რეაქციის გარეშე გამაბრაზონ“.

დაბრუნდა ბერი მონასტერში და სხვა ბერებთან ერთად დაიწყო მედიტაცია. ირგვლივ ჯერ კიდევ იყო ხმაური და არეულობა, მაგრამ ბერი მათ „ცარიელ ნავს“ ადარებდა და მშვიდად განაგრძობდა მედიტაციას. როდესაც უფროსმა ბერმა შეამჩნია ცვლილება, მან უბრალოდ უთხრა უმცროს ბერს: „მე ვხედავ, რომ შენ იპოვე ის, რაც ნამდვილად გაბრაზებს და გადალახე იგი“.

ამონარიდი ნათარგმნია წიგნიდან Joseph Nguyen – Don’t Believe Everything you think.

©️გრიმუარი•Grimoire

გამოხმაურება

შეაფასეთ ეს სტატია

© 2020 გრიმუარი. ყველა უფლება დაცულია

Scroll To Top