Now Reading
რა არის მომპარავი?

რა არის მომპარავი? 5/5 (1)

ერთ-ერთ ჯგუფის წევრთან საუბრის შემდგომ გადავწყვიტე დამეწერა ისეთი შავმაგიური ზეგავლენათა კატეგორიის შესახებ, როგორიც გახლავთ ეგრედწოდებული მომპარავი.

ვეცდები ვისაუბრო მაქსიმალურად გამარტივებული ფორმით, ნაკლებად გავამახვილებ ყურადღებას ტექნიკურ მხარეზე და რთულ ტერმინებზე, რათა ყველამ გაიგოს თანაბრად.

მომპარავის მოქმედების პრინციპი, როგორც უკვე მიხვდებოდით, მდგომარეობს ერთი პიროვნების მიერ მეორისაგან რაიმე სახის წარმატების, იღბლისა თუ ღირებული ან მისთვის საინტერესო სფეროებიდან ენერგიის მოპარვაში.

ყველაზე ხშირი და გავრცელებული მომპარავთა კატეგორია გახლავთ ფინანსური ენერგიის, იღბლის, სილამაზის ან ჯანმრთელობის მოპარვა.

როგორც წესი ასეთი ტიპის ზეგავლენისათვის დაბოღმილი და შავგული ადამიანი ირჩევს მასზე წარმატებულ ან რამეში მოწინავე მსხვერპლს. თუ საუბარია ფინანსური ენერგიის მოპარვაზე, ეს უნდა იყოს პიროვნება ვისაც მატერიალურ სფეროში ყველაფერი დალაგებული და აწყობილი აქვს. თუ საუბარია ჯანმრთელობის ან სილამაზის მოპარვაზე, შესაბამისად, მსხვერპლი უნდა გახლდეთ სასიამოვნო გარეგნობისა და მტკიცე ორგანიზმის პატრონი. მიუხედავად ამისა, საკმაოდ ხშირია რომ ბრიყვი “დამნაშავეები”, რომლებიც დიდად არ გამოირჩევიან მაღალი ინტელექტის კოეფიციენტით, ამ დეტალებსაც უგულებელყოფენ და ჰპარავენ ენერგიას მათზე “ქვემდგომებსაც” კი ( რასაც მათთვისვე უარყოფითი შედეგი მოჰყვება… თუმცა ამაზე თავად იდარდონ, რადგან ამ დანაშაულზე წამსვლელი მზად უნდა იყოს გარდაუვალი უკუცემებისა და უკუჩვენებებისთვისაც).

იმისათვის, რომ საკითხის არსი გახდეს მეტად გასაგები, მოვიყვან მაგალითს სადაც ვისაუბრებ გამოგონილ პერსონაჟებზე. პირობითად ლაშა, გიორგი, რუსუდანი და ნანა.

მაგალითი 1: ლაშა და გიორგი მეგობრობენ, გიორგის ჰყავს კარგი ავტომობილი, ჰყავს ლამაზი ცოლი, მუშაობს კარგ პოზიციაზე, ერთი სიტყვით ტკბება ცხოვრებით… ლაშა არც მასსავით განათლებულია, არც აღნაგობით ან გარეგნობით გამოირჩევა, ფინანსური საკითხებიც ვერა და ვერ დაალაგა… დაბოღმილმა, გადაწყვიტა რომ მისი მეგობრისაგან წარმატება მოეპარა, შეასრულა გარკვეული სახის შავმაგიური რიტუალები. გიორგის დაეწყო პრობლემები, მანქანა დაუზიანდა და გაყიდვა მოუწია, სამსახურში და ფულთანაც საქმე ცუდად წაუვიდა, ცოლთან აქვს ემოციური კრიზისი, დასტრესილი თითქოს ნაადრევად და უეცრად ჩამობერდა, გაუჩნდა ისეთი ჯანმრთელობის პრობლემები რაც აქამდე არ აწუხებდა და ა.შ…

სამაგიეროდ ლაშამ ავტომობილი შეიძინა, სამსახურიც იშოვა, “ჯიბეში ფული გაუჩნდა”, გარეგნულადაც თითქოს უკეთ გამოიყურება, ჯანმრთელობაც გაუუმჯობესდა.

სწორედ ამ პრინციპით მოქმედებს მომპარავები, თუმცა ,როგორც წესი, არჩევანს აკეთებენ ხოლმე კონკრეტულ სფეროზე და არა ყველაფერზე ერთად…

მაგალითი 2: რუსუდანს აწუხებს ჰორმონალური დისბალანსი, თმის ცვენა და ჭარბი წონა. მან გადაწყვიტა მისი მამიდაშვილის, ნანას სილამაზის მოპარვა.

შესაბამისი ოპერაციების შემდგომ, რუსუდანმა უეცრად დაიწყო წონაში კლება, ჰორმონალური ფონი დაურეგულირდა, გალამაზდა და გაჯანსაღდა… ამ დროს ნანამ უეცრად მოიმატა წონაში, აღმოაჩნდა ჩიყვი და ა.შ… ნანამ იცოდა, რომ მსგავსი პრობლემები აწუხებდა რუსუდანს, შესაბამისად უკვირს, რატომ დალაგდა ყველაფერი პირველთან და თითქმის იდენტურად გაჩნდა მეორის ცხოვრებაში.

ვფიქრობ, ამ ორი მაგალითის ხარჯზე მარტივად მიხვდებით მომპარავის არსს.

კი, მაგრამ რა განასხვავებს მომპარავს ჯადოსაგან? ხომ ორივე შავი მაგიაა?

იდეურად მომპარავი ჯადოს ნაირსახეობაა, თუმცა ტექნიკურად ამ ორს შორის არის მცირე სხვაობა: ჯადოს დროს დამნაშავეს ამოძრავებს მხოლოდ დესტრუქციული ინტერესები ( სხვისი ნებისა და ბედნიერების ხელყოფა, დაზიანება, მისთვის ცუდის მოტანა, დასჯა და ა.შ…) რა დროსაც მომპარავის დროს მთავარ სამიზნეს წარმოადგენს დამნაშავისათვის სარგებლის მოტანა, მაგალითისათვის შეგვიძლია ეს პროცედურა გავუტოლოთ წარმატების ან ბარაქის რიტუალის შესრულებას, მხოლოდ ის არის სხვაობა, რომ ეს ხდება არა ჯანსაღი გზით, არამედ სხვისგან ენერგიის უსამართლოდ და უნამუსოდ მითვისების ხარჯზე.

როგორ და ვინ აკეთებს მომპარავებს?

როგორ? – როგორც წესი, მომპარავის გასაკეთებლად იყენებენ მსხვერპლის პირად ნივთებს ( ხშირად იპარავენ მათ ან ეშმაკურად გამოსტყუებენ), ნასესხები ან ნათხოვარი ფულით, ფოტოსურათით ( თუმცა ეს უკანასკნელი ნაკლებად ეფექტურია როცა საქმე ეხება მომპარავებს).

ხშირად მომპარავები გამოირჩევა საკმაოდ სწრაფი მოქმედებით და , თუ ადამიანი სენსიტიურია, ზეგავლენის მომენტშივე ხდება საგრძნობი. ერთ-ერთი ყველაზე ხშირი სიმპტომებია უეცარი ენერგიის ვარდნა, უცნაური შფოთვის, გაყინულობისა და დისკომფორტის განცდა, განცდა იმისა რომ პიროვნება თითქოსდა როგორც მაგნიტი გიზიდავს და გშთანთქავს ( თუმცა მხოლოდ ამ სიმპტომებს ნუ დაეყრდნობით, რადგან მსგავსი სიმპტომები შეიძლება ბევრ სხვა შემთხვევაშიც გამოვლინდეს… თუნდაც უბრალოდ მძიმე, გავლენიან, მაკონტროლებელ და შევიწროებისაკენ ან ენერგოვამპირული ენერგიისაკენ მიდრეკილ ადამიანთან ურთიერთობისას)

ვინ? – მარტივი პასუხი იქნებოდა სულიერად თუ ფსიქიკურად დასნებოვნებული და დაბალგანვითარებული ადამიანები, თუმცა ეს პასუხი არ არის საკმარისი… როგორც წესი, მსგავსი ქმედებები მომდინარეობს არა უცხოებისაგან, არამედ ისეთი პიროვნებებისაგან ვისაც იცნობთ, ვინც იცის თქვენი მდგომარეობის, ცხოვრებისა თუ წარმატებების შესახებ.

სამწუხაროდ პირადი კონსულტაციების დროს ხშირად შემხვედრია სიტუაციები, როდესაც არაკეთილსინდისიერი სპეციალისტები უკეთებდნენ ამას კლიენტბესაც, თუმცა ეს ცალკე საკითხია ვფიქრობ უფრო დეტალურ განხილვასაც იმსახურებს ვიდეოს ფორმატში…

აგრეთვე ხშირია სხვადასხვა საიტებსა და ფორუმებზე განზრახ არასწორად შედგენილი რუნული სტავების, სიგილებისა და რიტუალების განთავსებაც, რომლებთან ერთადაც საზოგადოებას და მომხმარებელს ლამაზად და შეუმჩნევლად შეაპარებენ ხოლმე მომპარავებს.

როგორ დავიცვათ თავი და არ გავხდეთ მომპარავის მსხვერპლი?

1. ნაკლები იტრაბახეთ, ნაკლები საიდუმლო, მიზანი, გეგმა თუ წარმატება გათქვით.

2. ნუ ათხოვებთ ან ასესხებთ პირად ნივთებს ან ფულს მათ, ვისგანაც გრძნობთ ნეგატივს ან პოტენციურ საფრთხეს.

3. დამცავი ამულეტები დაგეხმარებათ საკუთარი ენერგეტიკის სხვადასხვა დაბინძურებებისაგან დაცვაში, მათ შორის მომპარავებისგანაც.

4. თუ საქმე ეხება სპეციალისტებს – შეარჩიეთ ისეთი სპეციალისტები, ვინც არის სანდო, ვისთან ურთიერთობაც გსიამოვნებთ, ვისკენაც გული მიგიწევთ, ვისაც აქვს კარგი რეკომენდაციები და ხალხის სიყვარული, რაც მთავარია ვინც თავად არის წარმატებული!

5. არ შასრულოთ საეჭვო რიტუალები არასანდო წყაროებიდან, არ გამოიყენოთ და ხატოთ ისეთი რუნული სტავები ან სიგილები რომლებისაც არაფერი გაგეგებათ. ისარგებლეთ მხოლოდ ავტორიტეტულ ავტორთა, სანდო სპეციალისტთა და ადამიანთ წყაროებით და არა ჭ კლასის ფორუმებით.

6. გაწყვიტოთ კავშირი პიროვნებასთან, ვინც მოახდინა თქვენზე ასეთი სახის ზეგავლენა.

იმ შემთხვევაში თუ ადამიანი გახდება მსგავსი ზეგავლენების მსხვერპლი უპირველეს ყოვლისა აუცილებელია სწორად მოხდეს პრობლემის იდენტიფიცირება ( რაც ხდება ენერგეტიკული დიაგნოსტიკის გზით), პარაზიტული კავშირის მოკვეთა, ენერგიის გაწმენდა და შესაძლოა შემდგომში გახდეს საჭირო რეაბილიტაციაზე, ენერგიის აღდგენაზე ან დაცვაზე მუშაობაც.

 

 

გამოხმაურება

შეაფასეთ ეს სტატია

© 2020 გრიმუარი. ყველა უფლება დაცულია

Scroll To Top